ლევან გოფოძე – ტესტირებაზე: „მეტი კვლევაა საჭირო“
27/04/2020 10:17:05 საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ქვეყანაში რაც უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება, კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილება მით უფრო შესაძლებელი იქნება.
მისი თქმით, კვლევები, რაც ამ ეტაპზე ტარდება, საკმარისი არ არის.
„ვთვლი, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უდნა გაუკეთდეს ეს ტესტირება თუ არის შესაძლებლობა – ეს დიდ მატერიალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. რაც მთავარია, ამას განსაზღვრავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ისინი იყენებენ გადაწყვეტილებას, საზოგადოების რა ნაწილს, ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება. რაც უფრო მეტი კონტროლის საშუალება გვექნება, მით უფრო ავიცილებთ თავიდან დაავადების შიდა გავრცელებას. რომ არ არის სრულიად საკმარისი, ეს იქიდანაც ჩანს, რომ არის საუბარი, კიდევ უფრო გაფართოვდეს. ჩვენი ინფექციის კონტროლის სამსახურიც თვლის, რომ მეტი კვლევაა საჭირო“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
მან მედპერსონალის ტესტირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლევა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მოგეხსენებათ, რომ პერიოდულად ჩვენ მედპერსონალს ვუტარებთ pcr ტესტირებას. მთლიანად გაიტესტა უკვე რეანიმაციის მედპერსონალი და ყველას ნეგატიური აღმოაჩნდა. ასევე ე.წ. ემერჯენსის მედპერსონალის ნაწილი გაიტესტა და იქაც უარყოფითი იყო. დღეს დასრულდება ემერჯენსი და შემდეგ გადავალთ დანარჩენ მედპერსონალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედპერსონალის კონტროლი. ვიყენებთ როგორც სწრაფ ტესტირებას, ასევე pcr ტესტებს, განსაკუთრებით იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მუდმივ შემხებლობაშია ინფიცირებულებთან“, - განაცხადა გოფოძემ.


