დღეს მოხსნილი შეზღუდვები შესაძლოა, ისევ ძალაში დაბრუნდეს
27/04/2020 09:28:09 საზოგადოება
პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ კორონავირუსის გამო მიღებული ანტიკრიზისული გეგმის შედეგად შეზღუდვების მოხსნის თარიღები შესაძლოა, შეცვალოს.
„ის სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა იყო თანმმიმდევრული და მას გააჩნია რამდენიმე ეტაპი. ხაზგასმით იქნა ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად, შესაძლებელია, ჩვენ მოგვიწიოს ამ გეგმის როგორც დაჩქარებით მიღება, ასევე თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების ამოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ არსებული რეკომენდაციები“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის: დღეიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა მოხსნილია, დაშვებულია ტაქსების ოპერირება, აგრარული ბაზრები გაიხსნა, ნებადართულია საცალო და საბითუმო და ონლაინ ვაჭრობა.
გარდა ამისა, ორი დღით გაიხსნება საქართველოს ოთხი მსხვილი ქალაქი – ბათუმი, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი.
ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის კომენდანტის საათი განაგრძობს მოქმედებას.


