„შეზღუდვების შემსუბუქება „კოვიდ 19“–თან ბრძოლაში გამარჯვებად არ უნდა აღვიქვათ“
27/04/2020 09:05:04 საზოგადოება
პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს მოუწოდებს, შეზღუდვების შემსუბუქება არ აღიქვან ახალი ტიპის კორონავირუსთან გამარჯვებად.
„ჩვენმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან როგორც კოვიდ 19–თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის ეტაპი, შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ: ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, უზრუნველვყოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ქვეყანაში არ გავრცელდეს კოვიდ – 19“,– განაცხადა ბრიფინგზე ჩიქოვანმა და კიდევ ერთხელ დაასახელა შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან მოიხსნა.
ცნობისთვის: დღეიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა მოხსნილია, დაშვებულია ტაქსების ოპერირება, აგრარული ბაზრები გაიხსნა, ნებადართულია საცალო და საბითუმო და ონლაინ ვაჭრობა.
გარდა ამისა, ორი დღით გაიხსნება საქართველოს ოთხი მსხვილი ქალაქი – ბათუმი, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი.
ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის კომენდანტის საათი განაგრძობს მოქმედებას.


