„პიკს თუ ასეთი მონაცემებით გადავივლით, შემოდგომამდე თავდაცულები ვიქნებით“
27/04/2020 08:51:52 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კარგი იქნება, თუ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში არსებული დინამიკა შენარჩუნდება.
„როცა შიდა გავრცელება დაიწყო, იქიდან მეშვიდე, მერვე კვირა უნდა გადავთვალოთ. თუ არ ვცდები, დაახლოებით, აპრილის პირველი კვირის ბოლოს გამოცხადდა შიდა გავრცელება და გადავთვალოთ 7-8 კვირა. პიკს ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით, იმედია, რომ შემოდგომამდე გარკვეულწილად თავდაცულები ვიქნებით, მაგრამ ვნახოთ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, როგორ დავითვლით ჩვენც“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, არსებული სტატისტიკა – ქვეყნის მასშტაბით 496 დადასტურებული შემთხვევა, ქვეყნის გამარჯვებაა:
ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი, მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებაში. ვინ როგორ გაიგო არ ვიცი, მაგრამ განმარტებას გავაკეთებ, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენ ცენტრში პირველად მოვიდნენ 1-ელ თებერვალს, 1-ელი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და სახელმწიფო, ანუ მთავრობა და ჯანდაცვის სამსახური თავისი შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივად როგორც ერთი ორგანიზმი მუშაობას და პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა და სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი. რატომღაც ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და ეს ასე არ არის, იმიტომ რომ გაყალბება ვერასდროს შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია covid დაავადებული პაციენტების მატება და მასთან დაკავშირებული ყველა ეს პრობლემა. შევხედოთ ევროპის ქვეყნებს და ვნახოთ რა მდგომარეობაში არიან. შეკავების პერიოდი ჩვენ და ამ სტრუქტურებმა ერთად დავამთავრეთ და როცა დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა ყველა ჯერზე და ის აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად მიყვებოდა ამ სიტუაციას. გავრცელების პერიოდიც საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით და ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. რატომ უჩნდება კითხვები ტელეჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები და მონაცემები არის დამალული, არ ვიცი, ასე მგონია, რომ სურვილი აქვთ, რომ მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა, არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, შესაშური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დადო ქვეყანამ, ეს ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას და ეჭვები ძალიან გთხოვთ ნუ გაქვთ, ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, როცა გაფართოებული ტესტირება ტარდება, 25 შემთხვევა კარგ შედეგს წარმოადგენს.
„სიტყვა აგრესიული არ მიყვარს არანაირ მიმართებაში, არც სამედიცინო ტერმინოლოგიაში, არც არსად, ჩემგან შორს არის ეს ტერმინი. მაგრამ მე გავაკეთე დაზუსტება, ვისაც მოსწონს ეს ტერმინი-აგრესიული ტესტირება, ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ასეთ დროს 25 რომ იქნება მხოლოდ დადასტურებული, ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე“, -განაცხადა ეზუგბაიამ.


