SIPRI: რუსეთი სამხედრო ხარჯების სიდიდით მსოფლიოს პირველ ხუთეულში დაბრუნდა
27/04/2020 07:28:05 მსოფლიო
რუსეთი სამხედრო ხარჯების კუთხით მსოფლიოს პირველ ხუთეულში დაბრუნდა. 2019 წელს მოსკოვმა ამ მიმართულებით 65 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4,5 პროცენტით აღემატება, - ნათქვამია სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) სპეციალისტების მოხსენებში.
გასული წლის რეიტინგთან შედარებით, რუსეთმა მეექვსედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა. საკუთარი ხარჯების ზრდის გარდა, ამას საუდის არაბეთის ხარჯების 16 პროცენტით შემცირებამ შეუწყო ხელი, რომელიც მესამედან მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
მთლიანობაში პირველი ხუთეულის ქვეყნებზე (აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და საუდის არაბეთი) მსოფლიო სამხედრო ხარჯების 62 პროცენტი მოდის.
ყველაზე მეტს - 732 მლრდ დოლარს (მსოფლიო ხარჯების 38 პროცენტს) თავდაცვაზე აშშ ხარჯავს. მეორე ადგილზე ჩინეთია, რომლის სამხედრო ბიუჯეტმა 261 მლრდ დოლარს მიაღწია. ამასთან, ჩინეთის შემთხვევაში 10 წლის განმავლობაში მატებამ 85 პროცენტს მიაღწია. მესამე ადგილზეა ინდოეთი 71 მლრდ დოლარით.
დასავლეთ ევროპაში თავდაცვის ხარჯების ზრდის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანიას აქვს, რომელმაც გასული წლის განმავლობაში სამხედრო ბიუჯეტი 10 პროცენტით გაზარდა.
სტოკჰოლმის მსოფლიოს პრობლემების კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიოს სამხედრო ხარჯებმა 1,9 ტრილიონი დოლარი შედგინა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თუმცა როგორც მოხსენების ავტორები თვლიან, კორონავირუსის პანდემია თავდაცვის ხარჯებში თავის კორექტივებს შეიტანს: ბევრი ქვეყანა მომავალი წლის ბიუჯეტებს გადახედავს და სავარაუდოდ, ჯანდაცვისა და განათლების ხარჯებს გაზრდის. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება – შემდგომში თავდაცვის ხარჯები კვლავ ზრდას დაიწყებს.


