იმნაძის თქმით, არიან კოვიდპაციენტები, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობია და შესაძლოა, მათი რიცხვი გაიზარდოს
26/04/2020 10:23:54 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებობენ კოვიდპაციენტები, რომელთა ინფიცირების წყაროც ცნობილი არაა და მომავალში მათი რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. ასე უპასუხა იმნაძემ კითხვას, რამდენი კოვიდპაციენტის შემთხვევაში არ ვიცით ინფიცირების წყარო.
„როდესაც ჩვენ კარგა ხნის წინ ვთქვით, რომ ქვეყანაში შიდაგადაცემა დაიწყო, იმას ნიშნავს, რომ იქნებიან პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყარო ჩვენ არ ვიცით. ასეთი პაციენტები არიან, ასეთი პაციენტები იქნებიან და ცოტა ხანში შესაძლოა, ცოტა უფრო მეტნი იყვნენ“.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის ფართომასშტაბიანი შიდაგადაცემა არ ფიქსირდება.
„ჩვენ რომ მხოლოდ ტესტების იმედზე ვიყოთ და გვეპარებდეს შემთხვევები, ავადმყოფებით სავსე იქნება საავადმყოფოები – პნევმონიან პაციენტებს ვერ დაიტევრდნენ...
არც ერთი მაჩვენებლით ქვეყანაში ფართო გავრცელება არ გვაქვს. ჯერ–ჯერობით ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია არაა“,– დასძინა იმნაძემ.


