NASA–ს შექმნილ ხელსაწყოს, შეუძლია სივრცე ახალი კორონავირუსისგან გაწმინდოს
25/04/2020 17:58:43 მსოფლიო
NASA–მ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ორი ხელსაწყო შექმნა. NASA–ს წარმომადგენლებმა აპარატები თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარუდგინეს.
ერთ–ერთი ხელსაწყოს სახელწოდებით AMBUStat–ს შეუძლია, ვირუსისგან გაწმინდოს ერთი ოთახი ან შენობა.
„შევქმენით აპარატი, რომელიც წარმოქმნის ერთგვარ ნისლს და ოთახში ყველა ზედაპირს ადეზინფიცირებს“, – განაცხადა NASA–ს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტინმა.
ინოვაციური ხელსაწყოს გამოყენებით საავადმყოფოებში Covid-19-ის გავრცელების რისკი მინიმუმამდე იქნება შემცირებული, რაც ექიმებს უსაფრთხოდ მუშაობის საშუალებას მისცემს და შენობაში მყოფ პაციენტებსაც დაიცავს.
რაც შეეხება მეორე ხელსაწყოს, იგი არის სასუნთქი აპარატი სახელწოდებით VITAL.
სპეციალისტების თქმით, ხელსაწყო შეუძლიათ, გამოიყენონ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ კოროვირუსული დაავადების უფრო მსუბუქი სიმპტომები.
ამჟამად VITAL–ის საავადმყოფოებში გამოყენების საკითხს აშშ–ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია სწავლობს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 198 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 800 000–ს გადააჭარბა, 813 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


