"უკრაინულ ფრაქცია “ხალხის მსახურში” სააკაშვილის მხარდაჭერამ იკლო"
24/04/2020 13:44:43 მსოფლიო
უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერობის კანდიდატად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერამ იკლო, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია “ხალხის მსახურის” წარმომადგენელმა, დეპუტატმა ნიკიტა პოტურაევმა ფრაქციის წევრებთან სააკაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
«მე დავესწარი ამ შეხვედრას. პირადად მე მხარს ვუჭერ სააკაშვილის კანდიდატურას, თუმცა შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე, ფრაქციაში მისი კანდიდატურის მხარდაჭერამ იკლო. ჯერ არ ვიცი იმ კოლეგების პოზიციის ცვლილების მიზეზი, რომლებიც მის კანდიდატურას მანამდე მხარს უჭერდნენ, რადგან იძულებული ვიყავი, დასრულებამდე დამეტოვებინა შეხვედრა და კომიტეტის სხდომაზე გადამენაცვლა», - განაცხადა პოტურაევმა.
მანამდე ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე კორნიენკომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მისი თანაპარტიელების წინაშე საკუთარი პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ სააკაშვილი სხვა ფრაქციების წარმომადგენლებსაც შეხვდება, ხოლო მისი კანდიდატურის კენჭისყრა მომავალ კვირას იქნება შესაძლებელი.
თავის მხრივ, ფრაქცია “ხალხის მსახურის” წევრმა ელენა მოშონეცმა განაცხადა, რომ კენჭისყრის საკითხი დამოკიდებულია სხვა ფრაქციებთან კონსულტაციების შედეგებზე, რადგან თავად “ხალხის მსახურს” ჯერ ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია. «სააკაშვილთან პრაქტიკულად ორი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, გვქონდა ცხარე დისკუსია. ფრაქციის წევრთა 50% სააკაშვილს მხარს უჭერს, რადგან ბევრს მასთან თანამშრომლობის გამოცდილება გააჩნია. როგორი იქნება კენჭისყრის შედეგები – ჯერ არ ვიცით», - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ვიცე–პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულს თბილისში, საქართველოს ხელიუფლების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.: საქართველოს პარლამენტის თამჯდომარემ განაცხადა, რომ ნაბიჯი ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს დააზიანებს, ხოლო პრემიერი საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა.


