ჩეხეთის მთავრობა საყოველთაო კარანტინს ხსნის
24/04/2020 11:01:34 მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მარტის შუა რიცხვებში შემოღებული საყოველთაო კარანტინი გააუქმოს. 24 აპრილიდან ქვეყნის მაცხოვრებლები ჩეხეთის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილებასა და ქვეყნის დატოვებას შეძლებენ იმ პირობით, რომ დაბრუნებულები 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს დაიცავენ.
გარდა ამისა, დასაშვები ხდება 10-მდე ადამიანის შეკრება. ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი იყო ევროპის სახელმწიფოებს შორის, რომელმაც საყოველთაო კარანტინი შემოიღო და მას ასევე ერთ-ერთი პირველი ხსნის. ამასთანავე, ხელისუფლებამ სხვა შემზღუდავი ზომების მოხსნის ადრე დამტკიცებულ განრიგს გადახედა: მაღაზიები და მომსახურების სფეროს საწარმოები დაგეგმილზე ადრე – მაისის პირველ რიცხვებში გაიხსნება.
11 მაისიდან განაახლებენ მუშაობას სავაჭრო ცენტრები, სილამაზისა და სპორტული სალონები, მუზეუმები, 25 მაისიდან კი ამოქმედდება რესტორნები და კაფეები, მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვების უმრავლესობა. რაც შეეხება ჩეხეთში უცხოელების შეშვებას, ამ მხრივ მოქმედი შეზღუდვის მოხსნის ვადები ჯერ უცნობია. ხუთშაბათს სასამართლომ პრაღაში მიიღო გადაწყვეტილება რიგი საკარანტინე ზომების მოხსნის თაობაზე, აღიარა რა, რომ ისინი კანონის დარღვევით იყო შემოღებული. ცნობისთვის: ბოლო დღეებში ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა სისტემატიურად იკლებს, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე დაავადებულთა საერთო რაოდენობაც მცირდება. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ჯამში 7 ათასზე მეტი მოქალაქე დაინფიცირდა, 2 ათასზე მეტი განიკურნა, 210 გარდაიცვალა.
23 აპრილის ოფიციალური მონაცემებით, ჩეხეთში COVID-19-ის მხოლოდ 6 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული..
• კარანტინის ზომები რბილდება ჩეხეთის მეზობელ სახელმწიფოებშიც. ავსტრიასა და გერმანიაში მიმდინარე კვირას მუშაობა განაახლეს მაღაზიებმა. მაისის დასაწყისში კი იქ სავაჭრო ცენტრებისა და მომსახურების სფეროს საწარმოების ამოქმედება იგეგმება. ამ ქვეყნებში დაავადებულთა რაოდენობა ასევე იკლებს – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევებისას აღემატება.
• სავარაუდოდ, ეპიდემიის პიკი გადალახულია ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. ამ ქვეყნებში, რომლებიც კორონავირუსისგან ევროპის სხვა სახელმწიფოებზე მეტად დაზარალდნენ, კარანტინის მოხსნა მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება.
• ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ხუთშაბათს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განიხილავენ შესაძლო ზომებს კორონავირუსის პანდემის პირობებში ეკონომიკების მხარდასაჭერად.


