The Financial Times – COVID 19-ის შესაძლო სამკურნალო პრეპარატის remdesivir კლინიკური კვლევა წარუმატებელი აღმოჩნდა
23/04/2020 19:24:24 მსოფლიო
COVID 19-ის შესაძლო სამკურნალო პრეპარატის remdesivir კლინიკური კვლევა წარუმატებელი აღმოჩნდა, მეცნიერები, რომლებიც პრეპარატზე დიდ იმედს ამყარებდნენ, იმედგაცრუებულები არიან, – იუწყება The Financial Times.
„ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შეცდომით გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია ნათქვამი, რომელიც The Financial Times–ს ჩაუვარდა ხელში“, – წერს გამოცემა.
The Financial Times–ის ცნობით, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ კომპანია Gilead-ის მიერ შექმნილი remdesivir არ აუმჯობესებს COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„გარდა ამისა, პრეპარატმა რიგ შემთხვევეში მნიშვნელოვანი გვერდითი ჩვენებები გამოავლინა“, – წერს გამოცემა.
WHO –ს განცხადებით, „დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი, რომელიც ექვემდებარება მიმოხილვას, ადრეულ ეტაპზე შეცდომით გამოქვეყნდა“.
„WHO– ს მიმართვის საპასუხოდ ავტორებმა WHO– ს მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც უნებურად განთავსდა ვებ–საიტზე და აღებულ იქნა საიტიდან როგორც კი შეცდომა შევნიშნეთ“, – აცხადებენ WHO–ში.
კომპანია Gilead ირწმუნება, რომ WHO–ს ვებ–საიტზე გამოქვეყნებული „პოსტი“ კვლევის შეუსაბამო დახასიათებას“ შეიცავდა.
"კვლევა ადრეულ ეტაპზე შეჩერდა, რადგან მასში მცირე რაოდენობის პაციენტები იღებდნენ მონაწილეობას. შესაბამისად, შეუძლებელია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება. თუმცა მონაცემების ტენდენციები მიგვითითებს remdesivir–ით მკურნალობის პოტენციურ სარგებელზე, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატით დაავადების ადრეულ ეტაპზე მკურნალობენ", – აცხადებს კომპანიის პრეს–სპიკერი ემი ფლადი.
ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


