Covid-19-ის კლინიკებში შესაძლოა, თანხმლები დაავადებების მართვის სპეციალური ჯგუფები შეიქმნას
23/04/2020 15:00:52 საზოგადოება
Covid-19-ის კლინიკებში შესაძლოა, თანხმლები დაავადებების მართვის სპეციალური ჯგუფები შეიქმნას.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგზის ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრობის შემდეგ განაცხადა, გორის ჰოსპიტალი ერთადერთი საავადმყოფოა საქართველოში, რომელშიც თანმხლები დაავადებების მართვის სპეციალური ჯგუფია შექმნილი.
"ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე. ამ ჰოსპიტალში თერაპიული მიმართულების კურატორის ნინო ჭუმბურიძის ინიციატივით შექმნილია კომორბიდული დაავადებების ჯგუფი – ანუ კოვიდის თანმხლები დაავადებების. პირველად ვნახე, ჩვენს კლინიკაშიც კი არ გვაქვს… ეს ძალიან სერიოზული ინოვაციაა. სიკვდილობის შემთხვევები, ძალიან მაღალი სწორედ ხანდაზმულ ადამიანებს შორის არის და ამ ასაკის ადამიანებში, როგორც წესი, ბევრია კომორბიდული დაავადებების შემთხვევები, მხედველობაში მაქვს არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, თირკლმის ქრონიკული დაავადებები – რომლებიც შემთხვევათა უმრავლესობაში ხდება სიკვდილის მიზეზი. არა თვითონ კოვიდი, არამედ კომორბიდული დაავადებები კლავს კოვივიდით ინფიცირებულ ავადმყოფებს. თუ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება, მე შევეცდები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ეს იქნება ახალი სიტყვა ამ დაავადების მკურნალობაში", –განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 184 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 630 000–ს გადააჭარბა, 723 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


