ცერცვაძე – საერთო კოვზით ზიარების საფრთხეზე: „განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არაა“
23/04/2020 13:41:54 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საერთო კოვზი ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს და ამას განსაკუთრებული მეცნიერული კვლევა არ სჭირდება.
„ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველანი მაინც გამოვდივართ იქდან, რომ ეს სენსიტიური თემაა და ყველანი პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და ამისთვის განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არაა“,– განაცხადა ცერცვაძემ საკითხის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ თემაზე კომენტარი რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვეს. მაშინ ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვერ უპასუხებს კითხვას, არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო ან უსაფრთხო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით, რადგან ამას „მეცნიერული კვლევა“ სჭირდება.
16 აპრილს, გვიან ღამით ბათუმში ჟურნალისტების კითხვაზე მინისტრმა განაცხადა:
„ზოგადად, მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“…
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, შეუძლია თუ არა, თქვას, რომ არ არის სარისკო, მან ისევ თქვა, რომ „საჭირო არის მეცნიერული კვლევა“…


