მედია – აშშ–ში კორონავირუსით შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებზე მეტი ადამიანია დაღუპული
23/04/2020 13:10:24 მსოფლიო
აშშ–ში ახალი კორონავირუსით პირველი გარდაცვალების ფაქტი 6 თებერვალს დაფიქსირდა, – იუწყება LA Times.
მისივე ცნობით, მსხვერპლი 57 წლის ქალია, რომელსაც მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა. როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს, ქალი უეცრად გარდაიცვალა და ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ იგი გულის შეტევით დაიღუპა. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი Covid-19 გახდა.
როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე კალიფორნიის ოლქ სანტა-კლარას ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სარა კოდიმ განაცხადა, სანტა-კლარაში 6 და 17 თებერვალს დაღუპული ორი ადამიანი ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მისივე თქმით, არც ერთ მათგანს არ ჰქონია მოგზაურობის ისტორია და ორივე შემთხვევას შიდა გავრცელების ფაქტს უკავშირებენ.
როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ აშშ–ში ვირუსი ბევრად უფრო ადრე გავრცელდა, ვიდრე ამას დღემდე ვარაუდობენ. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ–ში ახალი კორონავირუსით შესაძლოა, იმაზე მეტი ადამიანი იყოს დაღუპული, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებშია ასახული.
ოფიციალური ცნობებით, აშშ–ში კორორნავირუსით გარდაცვალების პირვლი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19–ით 47 681 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 849 092, გამოჯანმრთელებულია 84 050.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 184 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 630 000–ს გადააჭარბა, 723 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


