ინფექციონისტი: "ვხედავთ, რომ განსაკუთრებული სიმკაცრეები ეფექტური აღარ არის მრუდის შეკავებაში"
23/04/2020 12:05:36 საზოგადოება
ინფექციონისტ გიორგი კამკამიძის შეფასებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების წრფივი ზრდა გვაქვს და უნდა ვიფიქროთ, რომ დაწესებულ აკრძალვებში ძალიანაც არ გადავაჭარბოთ.
მისი თქმით, უკიდურესი აკრძალვები უმეტეს შემთხვევაში იწვევს უკურეაქციას – მასიური არეულობა, რამაც შესაძლოა, წყალში ჩაყაროს მანამდე გატარებული ეპიდღონისძიებები.
მან მაგალითად მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა მოიყვანა, რამაც მისი თქმით, ადგილობრივ მაღაზიებში რიგები და მოქალაქეთა თავყრილობები წარმოქმნა.
"ბოლო დროინდელი განსაკუთრებული გამკაცრებების [ღონისძიებების] მიზეზი არ იყოს შემთხვევების წრფივი ზრდის, რადგან მსგავსი ტენდენცია ადრეც იყო. უნდა ვიფიქროთ, რომ ძალიანაც არ გადავაჭარბოთ აკრძალვებში და უფრო არ უნდა დავამძიმოთ ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა [ინფიცირების შემთხვევებიზ ზრდა], ეს მოვლადი ტენდენციაა და განსაკუთრებული სიმკაცრეები უკვე ვხედავთ, რომ იმდენად ეფექტური აღარ არის ამ მრუდის შეკავებაში. შესაბამისად, უნდა დავიცვათ ზომიერება და შეიძლება უკიდურესი გამკაცრებული ღონისძიებები მოიხსნას კიდეც. ეს ეხება იგივე მსუბუქი მანქანების გადაადგლებას. ჩვენ არაფრისგან არ ვართ დაზღვეული, მაგრამ თავად ეპიდემიის მართვა გონიერ ჩარჩოებში უნდა ჩაეტიოს. ჯერ–ჯერობით წრფივი მზარდა არის და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდება. თუმცა ეს მრუდი პიკს მიღწეული არაა. ეს ზომიერად აღმავალი მრუდია",– განაცხადა ინფექციონისტმა "ტვ პირველის" ეთერში.
ცნობისთვის: ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 111 გამოჯანმრთელდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
საქართველოში 21 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის – აკრძალულია მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება, სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა.


