ირანი ტრამპს საპასუხო მუქარას უგზავნის
23/04/2020 11:47:18 მსოფლიო
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ხელმძღვანელის განცხადებით, თუ აშშ–ის საზღვაო ძალები სპარსეთის ყურეში გადაადგილებისას ირანულ ხომალდებს ცეცხლს გაუხსნიან, ამერიკულ გემებს განადგურება ემუქრებათ.
„ჩვენ ვეუბნებით ამერიკელებს, რომ ჩვენ ბოლომდე მტკიცედ ვიცავთ ეროვნულ უსაფრთხოებას, საზღვაო საზღვრებს, საზღვაო ინტერესებს. მტრის საფრთხის შემცველი ნებისმიერი ქმედებას გადამწყვეტ, ეფექტურ და სწრაფ პასუხს გავცემთ. ჩვენ მათ გავანადგურებთ“, – განაცხადა ჰოსეინ სალამმა.
გუშინ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვაო ფლოტს მისცა დავალება, ცეცხლი გაუხსნან ირანულ ხომალდებს, თუ ისინი „ამერიკულ გემებს საფრთხეს შეუქმნიან“.
„მე დავავალე აშშ–ის საზღვაო ფლოტს, ცეცხლი გაუხსნან და გაანადგურონ ირანის ნებისმიერი საბრძოლო ხომალდი, თუ ეს უკანასკნელი საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ გემებს ზღვაში გადაადგილებისას“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.
ტრამის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანმა ქვეყნის პირველი სამხედრო თანამგზავრის ორბიტაზე გაშვების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა. ვაშინგტონმა აღნიშნული ქმედება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ბალისტიკური რაკეტების შესახებ რეზოლუციის უგულებელყოფად შეაფასა.


