მარნეულში დემონსტრანტები ისევ შეიკრიბნენ
23/04/2020 09:45:06 საზოგადოება
მარნეულში დემონსტრანტები ისევ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ისევე როგორც 22 აპრილს, სასოფლო - სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციას ითხოვენ. აქციაზე იმყოფება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელიც მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავს.
მარნეულის რამდენიმე სოფელში საპროტესტო აქცია 22 აპრილს გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. გუშინდელი აქციის დასრულებისას ითქვა, რომ შეთანხმება შედგა.
განახლება
ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ დაიწერება სია, რის მიხედვითაც მოსახლეობა შეძლებს დაიცვას რიგითობა, რათა პროდუქციის ჩაბარების დროს მთელმა სოფელმა ერთად არ იარო.
„აქ ვხედავთ სხვა ძალიან ბევრ დარღვევებს, რაც დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და პრევენციასთან მიმართებით არის დაუშვებელი. უნდა გავწეროთ ჩვენ ამ ოჯახებში ოჯახების სია, ვისაც ეცოდინებათ დღეს, ხვალ, ზეგ, რა რიგითობით იქნებიან, რომ აქ მთელმა სოფელმა არ იაროს და დისტანცირება არ დაგვრჩეს დაუცველი. ეს არის მთავარი გამოწვევა და მე მაქსიმუმს გავაკეთებ დღეიდან, რომ ეს პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს. დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო, პროდუქცია კი გადის, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის მიმართულებით ყველაფერი დარღვეულია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ამასთან, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი აცხადებს, რომ დღეს ორი სოფელში აღმამედლოსა და კასუმლოში ხდება პროდუქციის ჩაბარება.


