რაზე მიანიშნებს ინფიცირების შემთხვევების კლება – მინისტრი ეპიდვითარებას აფასებს
23/04/2020 09:06:55 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ გასული დღეების განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის ერთეული შემთხვევა ფიქსირდება, არ ნიშნავს, რომ პიკურმა ფაზამ გაიარა.
"დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულების რიცხვი მეტი იქნება, ვიდრე დაინფიცირებულების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, კარგია. ის, რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი 40–ს აღემატებოდა და დღეს მხოლოდ 10–მდეა, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ახასიათებს და ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნა გატარებული, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამის ეფექტი გახლავთ ის, რომ ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ჩვენ გრიპის ტალღებს და პიკურ ფაზას ისე ვმართავთ, რომ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტი",– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევები არაა დაფიქსირებული ჯარში, დაინფიცირებულია შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი და ასევე ჯანდაცვის სექტორის 20–მდე წარმომადგენელი.
ცნობისთვის: ქვეყანაში კორონავირუსის 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 107 გამოჯანმრთელდა.


