COVID-19-ის მეორე ტალღის გამო ჩინური ქალაქი ჰარბინი ჩაკეტეს
23/04/2020 08:51:28 მსოფლიო
ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მატების გამო ქალაქი ჰარბინი ჩაკეტეს, - იუწყება სააგენტო Reuters.
მისივე ცნობით, სახლიდან გასასვლელად ჰარბინის მაცხოვრებლებს თან უნდა ჰქონდეთ QR-კოდი იმის დასტურად, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან. ქუჩებში კი დამცავი ნღბების ტარებაა რეკომენდებული.
სააგენტოების ცნობით, 10-მილიონიანი ჰარბინი ახალი ტიპის კორონავირუსის მეორე ტალღის ეპიცენტრად იქცა: ბოლო 10 დღის განმავლობაში ქალაქში ინფიცირების 57 შემთხვევაა აღრიცხული.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევები დეკემბრის ბოლოს ჩინურ ქალაქ უჰანში დაფიქსირდა. აპრილის დასაწყისში კი ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქიდან გასვლაზე შეზღუდვა გააუქმა.
სადღეისოდ ჩინეთში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის 83 ათასს შეადგენს, გარდაიცვალა 4,5 ათასზე მეტი პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის პანდემია შორსაა დასრულებისგან: თუ დასავლეთ ევროპის მასშტაბით ვითარება სტაბილიზირდება, ინფიცირების შემთხვევების საგანგაშო მატება შეინიშნება აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში. ვირუსი კვლავინდებურად საშიშია და ახალი ტალღა შეიძლება, ნებისმიერ მომენტში აგორდეს, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
23 აპრილის დილის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით 2,6 მლნ-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათგან 183 ათასზე მეტი გარდაიცვალა.


