რუსეთმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპის კლების შესახებ განაცხადა
23/04/2020 08:33:11 მსოფლიო
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ზედიზედ მეორე დღეა, ამ მხრიც ნამატი იკლებს: ორი დღის წინ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 5642-ს შეადგენდა, გუშინ – უკვე 5236-ს, - იუწყება ეპიდემიასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.
სულ ეპიდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადდა 62 733 ადამიანი, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი, ეპიდემიის დაწყების დროიდან კი – ჯამში 555.
გუშინ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ განაცხადა, რომ 2300-ზე მეტი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის 1300 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 2,5 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილია 184 ათასზე მეტი პაციენტი. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით აშშ ლიდერობს, სადაც თითქმის 850 ათასი შემთხვევაა აღრიცხული და პანდემიის დაწყების დროიდან უკვე 47 ათასზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა.


