კრის უიტი: "პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ბრიტანეთში, სულ მცირე, წლის ბოლომდე შენარჩუნდება"
23/04/2020 07:37:33 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მთავარი მრჩეველი სამედიცინო საკითხებში კრის უიტი აცხადებს, რომ პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, სულ მცირე, წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
"აბსოლუტურად არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდება. ძალზედ მცირე შანსი არსბობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან დაავადების სამკურნალო პირდაპირი პრეპარატი 2021 წელს ხელმისაწვდომი იყოს. Covid-19 არ აპირებს წასვლას და არც გაქრობას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მოგვიწევს ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება და მუშაობა უახლოეს მომავალში", – განაცხადა, BBC-ს ცნობით, უიტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 000–ს გადააჭარბა.
როგორც უიტი აცხადებს, პიკის გადავლის შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი არ არის.
"იმ ადამიანებს ვითვლით, ვინც ახალი კორონავირუსის გამო დაიღუპა, თუმცა სხვები ირიბად კვდებიან, რადგან ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას მოუწია ამ ეპიდემიაზე გადართვა და ამის გამო არჩევით პროცედურებსა და სკრინინგს ნაკლებად მიმართავენ. ამდენად, ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამაზე. როგორ შეიძლება საუკეთესოდ დაბალანსდეს ზომები, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საუკეთესო შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა მან.
სამედიცინო საკითხებში მთავრობის მთავარმა მრჩეველმა და სხვა ექსპერტებმა ხშირად ახსენეს, რომ ერთადერთი უსაფრთხო და გრძელვადიანი გზა კორონავირუსის ეპიდემიიდან გამოსვლისთვის ვაქცინის ან პირდაპირი პრეპარატის აღმოჩენაა. ამიტომ, პროფ. უიტის ბოლო კომენტარები დიდი მოულოდნელობა არც ყოფილა, თუმცა ცივ წყალს ასხამს ნებისმიერ იდეას იმის თაობაზებიეწქტები, რომ დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება ზაფხულში ან თუნდაც შემოდგომაზე.
უიტის ვარაუდით, ვაქცინა და პრეპარატი ნაკლებად სავარაუდოა, მომდევნო წლამდე გამოჩნდეს და მანამდე სოციალური დისტანცირების დაცვაა საჭირო. თუმცა, ეს ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ ვაქცინის ან პრეპარატის გამოგონებამდე ყველა არსებული შეზღუდვა შენარჩუნდეს.
სკოლები, ზოგიერთი სამეწარმეო-ეკონომიკური ობიექტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება, ახლო მომავალში გაიხსნას. ლუდის ბარები და რესტორნები ალბათ, გასახსნელი ობიექტების სიაში ბოლოს მოექცევა.
რა თქმა უნდა, პროფ. უიტი მრჩეველია და გადაწყვეტილება პოლიტიკოსების პრეროგატივაა. მათ მოუწევთ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე გავლენის შეფასება, თუმცა პოლიტიკოსების თქმით, გადაწყვეტილებას მეცნიერების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებენ.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი მიიჩნევს, რომ "სოციალური დისტანცირების ზომების მყისიერი მოხსნა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა სწარფი ზრდის საფრთხეს ქმნის.
„თუ ასე მოხდა, უკვე მეორედ მოგვიწევს დახურვა, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს გაახანგრძლივებს. კარგად მესმის შემზღუდველი ზომები ნეგატიური ფსიქიკური, ფიზიკური და ეკონომიკური გავლენა, თუმცა აუცილებელია, გარკვეული დროის განმავლობაში ამ ზომების შენარჩუნება", – განაცხადა დომინიკ რააბმა.
გამოცემის ცნობით, მთავრობა ირწმუნებოდა, რომ აპრილის ბოლოსთვის დღეში 100 000 ადამიანის ტესტირებას შეძლებდა, თუმცა ეს ჯერ–ჯერობით არ განხორციელებულა. როგორც რააბმა განაცხადა, სადღეისოდ ქვეყანაში დღეში 40 000 ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი, თუმცა ახალი ლაბორატორიების ამოქმედების შემდეგ დღეში, დაპირებისამებრ 100 000 ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი.


