გრიპისა და კორონავირუსის თანხვედრის მოლოდინში საქართველო ვაქცინის დოზის შესყიდვას ზრდის
22/04/2020 16:02:45 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ პროგნოზის ფონზე, რომ შესაძლოა, შემოდგომა უფრო რთული იყოს, ვიდრე გასული პერიოდი, რადგან არის გრიპისა და ახალი ტიპის კორონავირუსის თანხვედრის მოლოდინი, საქართველო გრიპის ვაქცინის დოზის შესყიდვას ზრდის.
„მინდა, მადლობა ვუთხრა მათ, ვინც შარშან გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. დღეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის რობერტ რედფილდის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც გააკეთა პროგნოზი, რომ წელს შესაძლოა, შემოდგომა და ზამთრის პირი იყოს უფრო მძიმე, რადგან იქნება ორი ძლიერი რესპირაციული ინფექციის – გრიპის და კორონავირუსის თანხვედრა. ამიტომ, პირველი რჩევაა, რომ მაქსიმლაურად დავიცვათ თავი გრიპისგან – დროულად ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ. წელს რაოდენობა [გრიპის აცრების] კიდევ გავზარდეთ – 135 000 დოზას შეისყიდის [სახელმწიფო], კონტრაქტი შესყიდვაზე უკვე გავაფორმეთ, მაგრამ დღეს მე დავაყენე საკითხი სამინისტროში, რომ დამატებით კიდევ გამოიყოს თანხები, რათა მეტი დოზა იქნეს შესყიდული, რომ მეტად გავაჯეროთ მოსახლეობა. 100 000–მა აცრამ [გასული წლის შემოდგომის] ნამდვილად იმუშავა, რომ ჩვენ გრიპის სეზონი შედარებით მშვიდად გადავიტანეთ და მარტსა და აპრილში არ გვქონდა ზედდება [კორონავირუსის და გრიპის]“,– განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, პოპულაციური იმუნიტეტი ვაქცინის საშუალებით სეიქმნება, რომლის გამოჩენასაც შემოდგომისთვის ელოდებიან:
„დღესაც გაჩნდა ორი ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის დაწყების შესახებ – ინგლისსა და გერმანიაში და იმედი აქვთ, რომ შემოდგომაზე ვაქცინა შესაძლოა, ხელმისაწვდომი იყოს. ვფიქრობთ, რომ პოპულაციური იმუნიტეტი შეიქმნება სწორედ ვაქცინის საშუალებით და ეს იქნება პირობა ამ ინფექციის დამარცხების“.
ცნობისთვის: ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 416 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 107 ადამიანი განიკურნა, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა.


