მედპერსონალის ნაწილს ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება
22/04/2020 15:27:31 საზოგადოება
სამედიცინო პერსონალი, რომლიც სამსახურეობრივ მოვალეობას განსაკუთრებული რისკის ზონაში ასრულებს, ორ კვირაში ერთხელ „ოქროს სტანდარტით“ ტესტირებას დაექვემდებარება. მათ შორისაა „ცხელების ცენტრის“ თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების სამსახურის მთლიანი შემადგენლობა.
რაც შეეხება დანარჩენ მედპერსონალს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, მათ პირველადი ტესტირება ანტისხეულებზე უმთარესად სწრაფი ტესტებით ჩაუტარდებათ.
ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა და ტესტირებას დაექვემდებარება ქვეყნის მასშტაბით ყველა პირი, რომელსაც პნევმონია აღენიშნება.
მისი თქმით, ხვალიდან პისიარ ტესტირება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი:
„ქვეყანაში პისიარ–ტესტირება თანდათან იზრდება – უფრო ფართოვდება. ჩვენ დღეს დილას გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში და აქედან 92% მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე – ლუგარი, ბათუმი და ქუთაისი. ხვალიდან უკვე ემატება კიდევ ხუთ ლაბორატორია“.


