კალაძე სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის
22/04/2020 13:30:41 საზოგადოება
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეოჩართვაში ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ მოსახლეობას წარუდგინა მონაცემები, რომლებიც წერეთლის გამზირზე არსებულ მდგომარეობას ასახავს და ნათლად ჩანს 2019 წელსა და 2020 წელს ჰაერში აზოტის შემცველობასთან დაკავშირებული სხვაობა.
"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ შემცირებულია ტრანსპორტის გადაადგილება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და, ზოგადად, აქტივობები არის დაბალი. იცით, რომ ქალაქში სხვადასხვა რაიონებში, ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულია სპეციალური სტაციონარები, რომლებიც ზომავს ჰაერში დაბინძურების ინდექსს. თუ 2019 წლის მარტის მაჩვენებელს 2020 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, ძალიან დიდი სხვაობაა",– განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი წინადადებით გამოვიდა და მოსახლეობას ჰკითხა, რას ფიქრობენ იმის შესახებ, რომ საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ კვირაში ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში კერძო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდოს:
"შესაბამისად, როდესაც აღდგება მოძრაობა, როდესაც უკვე დაიწყებს მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს ასეთი იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ ეს ჩვენი იდეა, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება, კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად, შაბათ-კვირა, ხომ არ ავკრძალოთ კერძო ავტომობილების გადაადგილება და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა შესაძლებელი იყოს აუცილებლობის პირობებში გადაადგილება, რომ თავისუფლად შეძლონ ადამიანებმა, როგორც ავტობუსებით, ასევე მეტროთი მგზავრობა",- განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, წინადადებასთან დაკავშირებით მოგვიანებით ჩატარდება ინტერაქტივიც.


