„ვისურვებდი, 2–3 კვირა არ შემსუბუქდეს ზომები, რადგან იდეალური მომენტი დავიჭირეთ“
21/04/2020 13:54:24 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების ადრეულად შემსუბუქებას არ ემხრობა.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება უკვე მიღწეული შედეგის განმტკიცების შემდეგაა სასურველი.
„დარწმუნებული ვარ, კიდევ მოიმატებს შემთხვევები. აღდგომის დღეებში შესაძლოა ან ტესტირება იყო ნაკლები, ან მოსახლეობა იყო ნაკლებად აქტიური. მოიმატებს, მაგრამ არა ასეულები, მოიმატებს ისე, როგორც ვპროგნოზირებდით – რამდენიმე ათეული შემთხვევა იქნება.
ეკონომიკური რეცესია უფრო მძიმეა ქვეყნისთვის თუ ავადმყოფთა დიდი რაოდენობა, რთული სათქმელია. მაგრამ ვისურვებდი, 2–3 კვირა არ შემსუბუქდეს ზომები. რადგან ჩვენ იდეალური მომენტი დავიჭირეთ. არც ახლა გვაქვს შეზღუდვების მკაცრი შესრულება – რამოდენიმე ადამიანი მაინც იკრიბება, ქუჩაში დადიოან და მაგრამ მაინც დავიჭირეთ პირველად მომენტი, როდესაც რეალურად ვუშლით ხელს დაავადების გავრცელებას და არ ვისურვებდი რომ ეს შეგვერბილებინა. ერთი 10 დღე, ორი კვირა კიდევ განვამტკიცოთ მიღწეული შედეგი და შემდეგ დავიწყოთ შერბილება. ეს ჩემი პირადი აზრია. ან თუ შერბილება მოხდება, პარალელურად უნდა ამაღლდეს მოქალაქეების თვითშეგნება“,– განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის: მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას 22 მაისამდე ითხოვს, თუმცა როგორც დღეს პრემიერის პრეს–სპიკერმა განაცხადა, 27 მაისიდან რიგი შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება, მათ შორის საავტომობილო აკრძალვის.


