„ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ არ იქნება ის ერთი წელი მაინც“
21/04/2020 13:26:19 საზოგადოება
„ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ არ იქნება ის ერთი წელი მაინც“, – ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც ვაქცინა და არც ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ პირდაპირი პრეპარატი არ არსებობს.
„მესმის, რომ რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით გარდა ამ სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა სხვა გამოცდილება არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამ დაავადებასთან ბრძოლის და ვინც შედეგს მიაღწია, მიაღწია სწორედ ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანცირებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ არ იქნება ის ერთი წელი მაინც. არ გახლავთ არც ეტიოტროპული დანიშულების პრეპარატი, რომელიც უშულოდ ამ ვირუსს კლავს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ის შემოდგომაზე იქნება უკვე საზოგადოების ხელში და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ დაავადების ტალღებს. ამის იმედი ყველას გვაქვს, მაგრამ, მანამდე, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში გაჟღერდა და გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს. პირველ რიგში, ეს ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიების და ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, საქართველო ამ პანდემიიდან ძალიან ნაკლები დაზიანებით გამოვა", – განაცხადა გამყრელიძემ.


