"კორონავირუსის რამდენი შემთხვევაა, რამდენია უსიმპტომო – რეალისტური ციფრები არ გვაქვს“
21/04/2020 11:26:56 საზოგადოება
ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის, მედიცინის დოქტორის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რამდენი ინფიცირებულია ქვეყანაში, თუცა სანდო სტატისტიკა და რეალური ციფრები არ აქვს.
"საჭიროა ჩვენ გვქონდეს რეალისტური და სანდო მოცემულობა, სანდო სტატისტიკა, რომელიც ჯერ არ გვაქვს – რეალურად, რამდენი ინფიცირებული გვყავს. გასაგებია, რომ არის დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ რეალურად ქვეყანაში, რამდენი შემთხვევაა, რამდენია უსიმპტომო მატარებლობა – ამის შესახებ იმ 5 000 თუ 7 000 ჩატარებული ტესტით ვერ ვიმსჯელებთ, არ გვაქვს რეალისტური ციფრები.
[...] ჩვენ შემთხვევაში ორი ვარიანტია: თუ არის პატარა გავრცელება, გაუგებარია, ამდენი შეზღუდვა. მეორე ვარიანტია, რომ ეს არ არის რეალისტური სურათი და ჩვენ გვჭირდება დიაგნოსტიკის სწრაფი გაფართვება," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.
მისი თქმით, სწორი დიაგნოსტირება ხელს შეუწყობს საგანგებო მდგომარეობის მალე მოხსსნას:
"გასაგებია, რომ კარანტინი და სოციალური დისტანცირება არის ერთ-ერთი მეთოდი ინფექციის შეკავების, იმისთვის რომ ერთბაშად, ერთ დღეს არ აფეთქდეს სიტუაცია და ინფიცირებულთა დიდი ნაწილი არ მიაწყდეს სავადმყოფოებს. ანუ არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი. მაგრამ მთავრობას გეგმა უნდა დაედო, აეხსნა, როდის მოხსნიდა ჭანჭიკებს. მესმის, რომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძნელია, მაგრამ ამისთვის რაღაც მონაცემები უნდა გვქონდეს. დიაგნოსტიკაზე რომ ვსაუბრობთ, ეს არის პანაცეა, რადგან მეტნაკლებად რეალისტურ სურათს აჩვენებს.
თვეები სახლში ხომ ვერ ვისხდებით, ეკონომიკა ვერ გაუძლებს ამას. თუ გარეთ პირობითად არაფერი შეიცვალა, როდესღაც ხომ გამოვალთ?! ჩვენ გვჭირდება მონაცემები, რომ ვიცოდეთ, ხვალ გამოვალთ, თუ ზეგ. ხვალ თუ გამოვდივართ, რას ვაკეთებთ. გვჭირდება ნაბიჯები, გაწერილი გეგმა. სხვა ქვეყნებმა ეს უკვე წარმოადგინეს.ნებისმიერ გადაწყვეტილებას დასჭირდება ფართო ლეგიტიმაცია. ადამიანებს უნდა სჯროდეთ იმ გადაწყვეტილების, რომელსაც მთავრობა მიიღებს".
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408 -მდე გაიზარდა, 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა.


