"ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მოჰფინოს წინაპართა უკვდავ სულებს"
20/04/2020 09:53:16 საზოგადოება
"ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრს", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვაშია ნათქვამი.
„საქართველოს საოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ, ღვთივკურთხეულ შვილებს, კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თვისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიერთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ!
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!", - ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.
დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს, როგორც წესი, მოქალაქეები საფლავებზე გადიან, თუმცა წელს, კორონავირუსის საფრთხის გამო აკრძალვებია დაწესებული.
წელს სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვა 17 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.


