როგორია კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის კლინიკებში მოთავსებული პაციენტების მდგოამრეობა
20/04/2020 07:34:36 საზოგადოება
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. საუბარია პაციენტზე, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, როგორც კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, სტაბილურია.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 9 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, 4 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, ხოლო სამის – კრიტიკული.
„სამი პაციენტი ფასდება როგორც კრიტიკული. დამძიმება გამოწვეულია თანმხლები პათოლოგიებით. 53 კოვიდინფიცირებულს აქვს მწვავე პნევმონია. მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის ვადის შემდეგ ისინი დატოვებენ კლინიკას. ჯამში კლინიკაში 120 პაციენტი იმყოფება. დღის განმავლობაში კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან რამდენიმე პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კოვიდინფიცირებისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.
ბოჭორიშვილის კლინიკაში სულ 24 ადამიანი მკურნალობს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსი 399 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 93 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.


