თენგიზ ცერცვაძე აღდგომის ლიტანიობაზე მყოფ მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს
19/04/2020 10:49:25 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს. თუ ის პირები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებში იმყოფებოდნენ, იზოლაციაში დარჩებიან და შეძლებენ, ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტს თავი აარიდონ, ვირუსის გადადების საფრთხე შემცირდება.
"ამ პირებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს მოწოდებები და მაინც მივიდნენ, არა მგონია მათ ახლა ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ და თვითიზოლაციაში წავიდნენ. მაგრამ, მინდა გავნაცხადო, რომ თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით ნულამდე დაიყვანენ საფრთხეს", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიხურა. რიგ ტაძრებში ლიტურგია ყოველგვარი წესის დარღვევით ჩატარდა, სადაც ხალხმრავლობის გარდა, არც დისტანცია იყო დაცული და არც პირბადე ეკეთათ.


