როგორია ტაძრებში მრევლის სიმრავლე – საპატრულო პოლიციის უფროსის კომენტარი
18/04/2020 18:19:07 საზოგადოება
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ეკლესიებში დიდი რაოდენობით მრევლი არ შეინიშნება
"მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომ გაგებით ეკიდება სიტუაციას და საქართველოს მასშტაბით ყველა ტაძარში დაცულია სოციალური დისტანცია. შესაბამისი ღონისძიებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს",– განაცხადა სირაძემ..
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა მოქმედ ტაძარში მობილიზებულნია პოლიცია და მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან სოციალური დისტანცია.
„შესაბამისად, ყველა პოლიციელს აქვს დავალება, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები უზრუნველყოს“,- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
საქართველოში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მრევლი ადგილზე ამ ზომის ამოქმედებამდე მივიდა და ტაძარში 06:00 საათამდე დარჩება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა, რომელიც 21 აპრილამდე, საგანგებო მდგომარეობის თარიღამდეა ძალაში, რაზეც საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ეს შეზღუდვა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. ასევე აღნიშნეს, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს დღევანდელი და სააღდგომო მსახურებისთვის ავტომანქანით გადაადგილების საშუალება ექნებათ.
სააღდგომო ლიტურგია 23:00 საათზე დაიწყება. ლიტურგიის შემდეგ მრევლი ტრადიციული ფორმით ეზიარება.


