"88 ინფიცირებულიდან 6 მართვით სუნთქვაზეა, 3-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია"
18/04/2020 08:44:47 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი იმყოფება.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული შემთხვევა. ერთ პაციენტთან მოგვივიდა პროტოკოლის გათვალისწინებით, უარყოფითი შედეგი და ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზეა, 3 ნაზალურ სიპაპზეა, ასევე მძიმეა 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა", - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, ამჟამად 15-მდე პაციენტის ანალიზის პასუხს ელიან ლუგარის ლაბორატორიიდან, რომლებიც საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან:
„ჩატარებული კვლევების შედეგად, დაახლოებით, 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზი. ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ, სავარაუდოდ, ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას".
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 385 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


