"მთავარია, ასეულებზე არ გადავიდეთ"
17/04/2020 16:00:41 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ასეულებით თუ არ მოიმატებს, ქვეყანას სადღეისოდ არსებული რესურსი ეყოფა.
"თუ ასე გაგრძელდება, რესურსი გვეყოფა. ზუსტად იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ათეულების რესურსი გვეყოფა. მთავარია, ასეულებზე არ გადავიდეთ. თუ ასეულებზე არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა. რესურსი გამოიძებნება, ხედვა შეიცვლება, გადაიხედება დაწოლის და გაწერის კრიტერიუმები, რესურსი სრულიად საკმარისი იქნება. გარკვეულწილად, ჩვენ უკვე მივიღეთ გამოცდილება პაციენტების მართვის, უკვე საკმარისია. 100-ზე მეტი პაციენტი გავატარეთ და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული კრიტერიუმებით, მათი სიმძიმე და მათი პროგნოზირება, ვისთან როგორ რა შეიძლება წავიდეს. აქედან გამომდინარე, რესურსის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, გადაიხედოს ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები. ამაზე საუბარი ადრეა და ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ ესეც შესაძლებელია, რომ გაკეთდეს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 79 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


