ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს პასუხობს
17/04/2020 15:18:21 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის არაკორექტულ გამოსვლას პასუხობს:
"თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე შეიძლება, ეკლესიაზე შეტევა განვახორციელო?! იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება. ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც მე საპატრიარქოში ვიყავი. იცის მან მე რაზეც ვისაუბრე იქ. ამ წითელ პარასკევს, აღდგომის წინა დღეებში, არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებებები, ჩემი საექიმო მრწამსიდან გამომდინარეობს" - განაცხადა გამყრელიძემ "ტვ პირველთან".
მეუფე იაკობმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა მოსალოდნელი მძიმე პროცესების შესახებ საზოგადოების გაფრთხილებისა და მოწოდების გამო არაკორექტულად 17 აპრილს მოიხსენია.
„როდესაც გინდა ხალხს უწინამძღვრო, სიმშვიდე უნდა გქონდეს. რომ გამოდიხარ და პანიკებს თესავ, თუ ომია, ომის დროს პანიკებს ვინც იწვევდა, მე კარგად ვიცი, იმათ რას უშვებოდნენ.
როდესაც გაკივიან და გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. ტონს არ იცავენ. როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ... მესმის, რომ საქართველოში ისე იყოს...იქნებ ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული. გვითხრან ხო? თავს თუ ვერ იკავებენ, სანამ გამოვლენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ და მერე მოვიდნენ და დაგველაპარაკონ.
ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, აღდგომას არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაოპარაკობ, სხვა ექიმებზე არაფერი მაქვს...გულიანი ადამიანები არიან და სხვანაირად იქცევიან. ამათი საქციელი ხო... ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ“,– განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში 370 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ დაუმალავს, რომ ქვეყანაში შიდაგავრცელების პროცესი დაწყებულია, რამდენიმე პაციენტის ინფიცირების პირვალწყარო უცნობია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, გადაადგილდებოდნენ ასიმპტომური პირები და ისე, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ, ავრცელებდნენ დაავადებას. ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა მაგალითად, ბოლნისში, რის გამოც ქალაქი ჩაიკეტა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება. 17 აპრილიდან დაწესდა დამატებითი შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასა და დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე, თუმცა სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათზე არ ვრცელდება.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.


