დეკანოზი თამაზ ლომიძე –მღვდელმსახურებს: „არ გრცხვენიათ?!“
17/04/2020 14:09:21 საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიუნხენის ეპარქიის დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebok-ზე იმ სასულიერო პირებს მიმართავს, რომლებიც მრევლს ეკლესიებში შეკრებისაკენ მოუწოდებენ:
„მაშინ, როცა საავადმყოფოებში უჰაერობით იღუპებიან ადამიანები და ექიმები ლამის ტირილით გვთხოვენ, არსად და არავითარ შემთხვევაში არ შევიკრიბოთ, გამოდიან მღვდელმთავრები და მღვდლები და პატარა ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ საჯაროდ: მარტო ჩვენ რატომ უნდა „დავისაჯოთ”, სუპერმარკეტებს რატომ არ „სჯითო”.
არ გრცხვენიათ, რაზე საუბრობთ საერთოდ? რაში გეკითხებათ თქვენ, რას აკეთებს კარფური და გუდვილი? ყველამ რომ დაარღვიოს წესი, ეკლესიამ არასოდეს უნდა დაუშვას იმ კანონის დარღვევა, მოყვასის სიცოცხლეს რომ იცავს”, – წერს დეკანოზი.
დეკანოზ ლომიძის აზრით, ეკლესია უნდა მოუწოდებდეს მრევლს სახლში დარჩენისაკენ, მღვდელმთავრები კი დახურულ ეკლესიებში უნდა წირავდნენ.
„მე მწამს, რომ დღეს ეკლესიისგან ერთადერთი და საუკეთესო ბრძანება თუ ლოცვა-კურთხევა იქნებოდა: დაკეტილ ტაძრებში მარტო სამღვდელოების, მრევლის გარეშე ღვთისმსახურება, ხოლო ეკლესიის მრევლისთვის სახლში ლოცვა და უსაფრთხოდ დარჩენა. სულერთია რა დღესასწაულია და ასევე სულერთია, ვინ რას აშავებს. ეკლესიამ არასოდეს უნდა დაარღვიოს ადამიანზე ზრუნვის ღვთაებრივი კანონი”, – წერს დეკანოზი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში 370 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ დაუმალავს, რომ ქვეყანაში შიდაგავრცელების პროცესი დაწყებულია, რამდენიმე პაციენტის ინფიცირების პირვალწყარო უცნობია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, გადაადგილდებოდნენ ასიმპტომური პირები და ისე, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეთ, ავრცელებდნენ დაავადებას. ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა მაგალითად, ბოლნისში, რის გამოც ქალაქი ჩაიკეტა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება. 17 აპრილიდან დაწესდა დამატებითი შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასა და დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე, თუმცა სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათზე არ ვრცელდება.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.


