მრევლი საეკლესიო მსახურებაზე ფეხით მივიდა
17/04/2020 12:20:42 საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე (გარდა გამონაკლისებისა) მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. შესაბამისად, დღეს, წითელ პარასკევს მრევლი სამების საკათედრო ტაძარში ქვეითად მივიდა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, იგივე ზომებს მიმართავენ აღდგომის ღამესაც.
"მორწმუნე მართლმადიდებლები ვართ, ისინი ვისაც გვწამს, რომ უფლის სახლში დაცულები ვართ, უნდა მოვიდეთ ტაძარში დ ვისაც ეჭვი ეპარება ან შიში გვაქვს, არ არის არაფერი პრობლემა მაგაში, დავრჩეთ სახლში, იქაც შეიძლება ლოცვა, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ახალი რეგულაციის მიხედვით, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა, სამების საკათედრო ტაძარში სტიქაროსნებმა მრევლს პირბადეები დაურიგეს, თუმცა თავად სასულიერო პირები ამბობენ, რომ მათ ღვთისმსახურების დროს პირბადის გამოყენების ვალდებულება არ აქვთ.
საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლიტურგია მართლმადიდებლურ ტაძრებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.


