Accentnews.ge
ეპიდემიოლოგი: “უარს ვიტყვით პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე თუ სახელმწიფო არ მიხედავს რეჟიმის უხეშ დარღვევებს!"

ეპიდემიოლოგი: “უარს ვიტყვით პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე თუ სახელმწიფო არ მიხედავს რეჟიმის უხეშ დარღვევებს!"

17/04/2020 09:20:47 საზოგადოება

ეპიდემიოლოგი თინათინ გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თუკი სახელმწიფო არ მიხედავს სხვადასხვა თავშეყრის ადგილას, მათ შორის უბნებსა თუ ეკლესიებს, ექიმები უარს იტყვიან სამსახურში გასვლაზე.

“ეპიდემიოლოგები, ექიმები, ექთნები, დავრჩებით სახლში და უარს ვიტყვით ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე თუ სახელმწიფო არ მიხედავს სოციალური დისტანცირების და საგანგებო რეჟიმის სხვა უხეშ დარღვევებს:

  • დიდ მარკეტებში
  • უბნის სტადიონებზე და ბირჟებზე
  • ქუჩებში, პარკებში და სკვერებში
  • ეკლესიებში
  • ოჯახებში
  • “დაჩნიკებში”

ან დააბრუნეთ ეს ხალხი სამსახურებში უსაქმოდ რომ არ იხეტიალონ, კეთილი ინებონ და იმუშაონ ჩვენსავით ვირებივით ან დასვით იძულებით სახლში და ყველა კორპუსს და ქუჩას მიუჩინეთ პატრულ-ინსპექტორი ან მოხალისეები

დაიმშვიდეს გულები… აქაოდა, გენეტიკა გვქონია რაღაც განსაკუთრებული! ანტისხეულები გვაქვს თურმე სისხლში! “მოხდილი” გვაქვს თურმე კორონა მთელ ერს ან აწი მოვიხდით უმტკივნეულოდ და არხეინად ტაშ-ფანდურაში! აცრილები ვართ თურმე ყველანი სსრკ-ში! მერე რა თუ მოხუცები დაიხოცებიან, მაინც იმ ქვეყნად აქვთ ცალი ფეხი და დღეს თუ ხვალ ისედაც გავიდოდნენ გაღმა! სამაგიეროდ მორწმუნეები ვართ დაცულები! ექიმები მაინც ყველაფერს გააკეთებენ, გმირები არიან გადაგვარჩენენ! რა ვუყოთ თუ დაავადდებიან, ეგ პროფესია ხომ თავად აირჩიეს, რა ჩვენი ბრალია, თუ არ დაიცვეს თავი წესიერად! თუ ექიმები ვერა, ჩვენი “სიკეთეები” გადაგვარჩენს, ჩვენ ხომ ღვთივკურთხეული ერი ვართ… ჩვენ ხომ რჩეულები ვართ, ჯერ მარტო როგორი მრავალჟამიერი გვაქვს და როგორი სადღეგრძელოები ვიცით… მაშ, როგორ! აბა, რაააა! კიიიიი, კიიიიი! ამოვიდა ყელში ხვეწნა-მუდარა უკვე! ვერ გათენდა ჩვენს გონებაში, ვერა!’’, – წერს ეპიდემიოლოგი.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა – ჯამში 370. ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ორ ათეულს გადააჭარბა: 14 აპრილს დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, 30 დაფიქსირდა 16 აპრილსაც, 17–ში კი 30–ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები აღდგომის ლიტურგიის შემდეგ, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას, ეპიდემიის აჩქარებას და მაისის დასაწყისში ათასობი ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.თავად საპატრიარქო ამ ეტაპზე ლიტურგიის ტრადიციული ფორმით ჩატარებაზე უარს ამბობს, თავად ხელისუფლება კი დისტანციის დაცვის შემთხვევაში მრევლისთვის, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სამ კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვისა, გამონაკლისს უშვებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრისა და ეპიდემიოლოგების განცხადებით, დაიცავენ თუ არა მოქალაქეები დისტანციას, მათ 9 საათის განმავლობაში დახურულ სივრცეში მოუწევთ ყოფნა, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირება და შინ დარჩენაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S