„დარწმუნებული ვარ, კორონას პანდემია გაივლის, მაგრამ უარეს პანდემიას დაგვიტოვებს“
16/04/2020 19:46:10 საზოგადოება
„დარწმუნებული ვარ, კორონას პანდემია გაივლის, მაგრამ უარეს პანდემიას დაგვიტოვებს“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სოციალურ ქსელში წერს.
"პირველ რიგში, იცოდეთ, რომ მაზიარებელი, მარხული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მრევლი ვარ. ვისაც გინდა ამომშალეთ, და ვისაც გინდათ, სახელოზე ცარცით ჯვარი დამასვით, მომავალში რომ ამომიცნოთ.
რაც მე წირვა-ლოცვა (მათ შორის სააღდგომო და საშობაო) გამიცდენია, სამწუხაროდ, ვინ დათვლის და, იმედია, ღმერთი მაპატიებს.
სხვებს რომ უნდა გავუფრთხილდე, ეგ ვიცი, თუმცა გაფრთხილებულ და შიშის ატანილ ხალხსაც ვარჩევ.
ისეთმა ხალხმა “მიქადაგა” ზოგმა სახარება, ზოგმა ბიბლია, ზოგმა სახლიდან ლოცვა, ზოგმა წმინდანთა ცხოვრება და ზოგმა ეკლესიის ისტორია, რომ იმედი გამიჩნდა. იქნებ ამ ხალხს, ამ კრიტიკული პოსტების წერაში მართლა “შემოეკითხოთ” და “შემოელოცოთ” რამე, თუმცა ეჭვი მეპარება.
ნუ ბნელი, გაუნათლებელი, ხისთავიანი და სხვა საამური სახელები რომ მიწოდეს მე და ჩემ და-ძმებს, მაგას მარხვის და დიდი ხუთშაბათის ანგარიშში ჩამოვწერ.
კორონას პანდემია, დარწმუნებული ვარ, გაივლის, მაგრამ უარეს პანდემიას დაგვიტოვებს - უსიყვარულობის, ერთმანეთის დაუნდობლად გაკიცხვის, მხოლოდ საკუთარ თავზე და “კლასტერზე” ზრუვნის პანდემიას. თანა, ეს “ვირუსი” ტელევიზიით, ფეისბუქით, ჭორაობით და ყველა სხვა ფორმით გადაეცემა და ვერსად დავემალებით. სტატისტიკასაც არავინ აქვეყნებს და “მორალურ დაავადებათა კონტროლის ცენტრიც” ვერ ჩაატარებს ბრიფინგებს.
ჰოდა, ამდენი განკითხვის და კრიტიკის "პოსტვას" სიყვარულზე "პოსტეთ", მეგობრობაზე და ერთგულებაზე. კარგს რასაც შეამჩნევთ, ის შეიმჩნიეთ.
გილოცავთ დიდ ხუთშაბათს და ყველას შეგეწიოთ, ვისაც გჯერათ და ვისაც - არა!
ადამიანებად დარჩით, მთავარია", – წერს ჯეჯელავა.


