თენგიზ ცერცვაძე: „თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს დაავადება იმაზე გადამდები, მძიმე და რთულადსამართავია, ვიდრე ველოდით“
16/04/2020 17:39:25 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოჩნდა იმაზე ადვილად გავრცელებადი, მძიმე და რთულად სამართავი, ვიდრე ელოდნენ.
„ეს ინფექცია გამოდგა იმაზე უფრო გადამდები და ადვილადგავრცელებადი, ვიდრე თავიდან გვეგონა. თქვენ ხედავთ, რომ რომელიღაც კლასტერში თუ გაჩნდა დაავადება და იქვე რამდენიმე შემთხვევა გაჩნდება. თავს ნუ მოვიტყუებთ,ეს დაავადება ძალიან გადამდებია – გრიპზე უფრო მეტად. და ეს დაავადება აღმოჩნდა უფრო სახიფათო და მძიმე, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ. თავიდან სიკვდილიანობა 2–დან 3%–მდე იყო, ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ უფრო ნაკლებიც, ახლა გადახედეთ მონაცემებს – საშუალო სიკვდილობა 5–6%–ია, ისიც ევროპის არამოწინავე ქვეყნების ხარჯზე, ხოლო ევროპის მოწინავე ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში 10%–ს უახლოვდება. ანუ ეს დაავდება იმაზე მძიმეა, ვიდრე ამას თაიდან ვთვლიდი. როგორც მკურნალი ექიმი დავამატებ – ეს დაავადება უფრო მძიმედ სამკურნალო აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. მართალია, მისი პირდაპირი მოქმედების ანრტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს რიგი მედიკამენტებისა, რომლებსაც საქართველოში წარმატებით ვიყენებთ, რომლებიც ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტარულ შემთხვევებს, არსებობს სიმპტომური და დამხმარე თერაპია, რამაც ბევრი ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ ეს უფრო რთული გამოდგა, ვიდრე თავიდან გვეგონა. ექიმისთვის ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მძიმე და და ერთ–ერთი ყველაზე რთულად სამართავი დაავადება“,– განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ცერცვაძე მრევლსაც მიმართავს:
„მრევლს ვეტყვი იმას, რაც მათ საქმეში ყველაზე ჩახედულმა ადამიანებმა უთხრეს: ნუ დავცდით ბედს და მარტივი რამ გავაკეთოთ – მართალია, ჩვენი ტრადიციებისთვის უცხო, მაგრამ მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული და დარწმუნებული ვარ, ამას არც რელიგიური ინსტიტუტები დაიწუნებენ და არც თავად ღმერთი, თუ ჩვენ დავრჩებით სახლში და დღევანდელ რელიგიურ დღესასწაულებს შევხვდებით განსხვავებულად, ვიდრე ადრე. ყველა ტრადიციით იმიტომ ვამაყობთ, რომ ქართული თვუთმყოფადობა შევინარჩუნოთ და რომ გვყავდეს ჯანსაღი მოქალაქეები. თუ ეს ტრადიცია ათასეულობით მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე დააყენებს, ჩვენ ამ ტრადიციაზე ცოტა ხნით უარი უნდა ვთქვათ“.
მისივე თქმით, ამჟამად მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ მრავალი პაციენტის და მსხვერპლის თავიდან არიდება, არამედ ეკონომიკური რეცესიაცაა და იმისთვის, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, რეკომენდაციების გათვალისწინებაა აუცილებელი.


