„ორჯერ გვქონდა „ნახტომი“, რაც განგაშის საფუძველია ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლის“
16/04/2020 15:05:34 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, უკანასკნელ დღეებში გამოვლენილი შემთხვევები ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლის მანიშნებელია.
„სამწუხაროდ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ორჯერ გვქონდა „ნახტომი“, როდესაც 30–30 ახალი შემთხვევა [კორონავირუსის] დაფიქსირდა, რაც საგანგაშოა და მიუთითებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელება სერიოზულად იკიდებს ფეხს და ეს განგაშის საფუძველია ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლის“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რომ კორონავირუსის ერთ–ერთი გამოწვევა გამოჯანმრთელების პერიოდის ხანგრძლივობაა, ამიტომ, ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ მძიმე პაციენტები ერთდროულად არ დაგროვდნენ, რაც მძიმე გამოწვევა იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის.
„რაც შეეხება ინდივიდთა გამოჯანმრთელებას, ეს კიდევ მეორე დიდი ტვირთია საზოგადოებისათვის, რაც ამ ვირუსმა შექმნა. რეალურად ეს აღმოჩნდა დაავადება და ისეთი რესპირაციული ვირუსი, რომელსაც იმაზე უფრო ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პროცესი აქვს, ვიდრე აქამდე კაცობრიობამ იცოდა. საერთოდ აღიწერება ასე, რომ საშუალოდ 2 კვირა სჭირდება გამოჯანმრთელებას, მაგრამ, რეალობაში მძიმე შემთხვევებისათვის ეს პერიოდი შეიძლება 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს, რაც ნამდვილად დიდი ტვირთია ჯანდაცვის სისტემისთვის და სწორედ ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა რის გამოც, ყველა ჩვენგანმა უნდა მივმართოთ ძალები იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მძიმე შემთხვევა დაგვიგროვდეს ერთდროულად და ნაკლებს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ვიდრე კორონავირუსის წინააღმდეგ არც ვაქცინა და არც კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს, მთავარი რეკომენდაცია შინ დარჩენა და სოციალური დისტანციის დაცვაა.


