პაატა იმნაძის პასუხი მეუფე იაკობის კომენტარზე – “უფალი განსჯის”
16/04/2020 11:49:30 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებას, თითქოს ქვეყანაში რეალურად მეტი ინფიცირებულია, მცირე კომენტარით უპასუხა.
“უფალი განსჯის…”, – განუცხადა “ამბები.ჯის” იმნაძემ.
ბოდბელმა მიტროპოლიტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის მისამართით განცხადება სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა.
“ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ ჯობს, მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. რეალურად რამდენი გვყავს, ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
პაატა იმნაძემ გუშინ საკმაოდ მძიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება მოწოდებებს არ გაითვალისწინებს, “გვექნება უდიდესი მსხვერპლი… ვეღარ დავითვლით კუბოებს”.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, “საქართველოში იტალია განმეორდეს”.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, მრევლისთვის ეკლესიები არ დაიხურება. მედიკოსების განმარტებით, მიუხედავად დისტანციის დაცვისა, მოქალაქეები აღდგომის ლიტურგიისას დახურულ სივრცეში 9 საათის განმავლობნაში იქნებიან და ეს ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.


