"თუ არ გავხდებით პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, ჩვენ ამ ომს წავაგებთ"
15/04/2020 15:00:46 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, თუ მოქალაქეებმა საგაგებო რეჟიმის წესები და რეკომენდაციები ზედმიწევნით არ შეასრულეს, ქვეყანაში მოსალოდნელია ახალი კორორნავირუსის უფრო მეტად გავრცელება.
"დღეს ძალიან გავბრაზდი, სამსახურში რომ მივდიოდი, უამრავი ავტომანქანა დადიოდა. მე არ ვიცი, სად მიდიოდნენ, მაგრამ ერთი რაღაც მინდა, ვუთხრა ყველას: თუ ამ ეტაპამდე მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც ყველა ქვეყანას, მათ შორის წამყვან ქვენებს შურთ, ლეტალობიდან და დაავადების გამოსავლიდან გამომდინარე, ეს ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ნებისმიერი ექიმის დამსახურება იყო, მაგრამ დადგება მომენტი, თუ ადამიანები არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ჩვენ ამ ომს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიგებთ", - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, კორონავირუსი ახალია სამყაროსთვის და ერთადერთი, რაც მასზეა ცნობილი, ისაა, რომ თუ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას და დავემორჩილებით ყველა წესს, ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ:
„აქედან გამომდინარე, თუ დავარღვევთ ამ ყველაფერს, ვივლით ქუჩაში, არ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას და არ მივუთითებთ იმ ყველაფერს, რაც უნდა შევასრულოთ დაწვრილებით, ჩვენი ქვეყანა ამ ომს წააგებს და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ უპასუხისმგებლო ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის ძირითადი მკვლელები იქნებიან“.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


