"აღდგომის ღამისთვის შენობას ვამზადებთ, სადაც 2 000 ადამიანამდე დაეტევა"
15/04/2020 12:04:18 საზოგადოება
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის სტიქაროსნები და მრევლი, სპორტსმენების ჩათვლით, სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის ტაძრის გვერდით მდებარე სემინარიის ყოფილ შენობას ასუფთავებენ.
“რუსთავი 2” ესაუბრა ტაძრის წინამძღვარს შალვა კეკელიას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა იდეა, მრევლი სააღდგომო ლიტანიობაზე 21:00 საათამდე მივიდეს და ტაძარი 06:00 საათის შემდეგ დატოვოს, რათა კომენდანტის საათი არ დაირღვას. საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ მღვდელმსახურმა “იჩქარა”, მისი პოზიცია საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა და ეს მიდგომა არ წარმოადგენს “სახელმძღვანელო ინსტრუქციას”. შალვა კეკელიას თქმით მას პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა საპატრიარქოს ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე, “ვერ ამბობს”, რა ფორმით ჩატარდება ღვთისმსახურება აღდგომის ღამეს.
"ჩვენ შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით, 2 ათასი ადამიანიც შეიძლება, დაეტიოს, სკამებასაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია. მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ", — ამბობს სასულიერო პირი.
19 აპრილს საპატრიარქო სააღდგომო ლიტურგიას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებს, თუმცა მრევლი როგორ დაესწრება ღვთისმსახურებას, ჯერ უცნობია.


