ექიმი – მოქალაქეებს: "ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ამდენს ვერ ავუვალთ!"
15/04/2020 08:23:19 საზოგადოება
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პაციენტების მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, 37 პაციენტს აღენიშნება პნევმონია და მოთავსებულნი არიან ინტენსიურ განყოფილებაში, ახალ ინფიცირებულებს შორის კი რამდენიმე ექიმია.
"ასევე, გვყავს ერთი ორსული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით 14 დღის გასვლას, რათა გადამოწმდეს და გაეწეროს სახლში. ასევე გვყავს სამი მოზარდი და იმედია რამდენიმე დღეში ისინი გაეწერებიან სახლში. გუშინმეოგვივიდა 11 დაინფიცირებული პაციენტი და აქედან რამდენიმე სამწუხაროდ, ექიმია. მინდა, მივმართო მოსახლეობას, დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს. თუ არ დაიცავით ერთი რამ - დარჩით სახლში, ფიზიკური დისტანციით",-აღნიშნავს ლევან რატიანი.
ცნობისთვის: 14 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მასშტაბური შიდაგავრცელების ეტაპზე გადავიდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი უკვე მოსახლეობაში ცირკულირებს და თუ საზოგადოება დაწესებულ შეზღუდვებს და გაცემულ რეკომენდაციებს არ დაიცავს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში ქვეყანაში ათასობით ინფიცირებული გვეყოლება, რაც მნიშვნელოვანი წნეხი იქნება ჯანდაცვის სისტემაში და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგებიც.
მისივე პროგნოზით, მას შემდეგ, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 300–ს გადასცდება, მოსალოდნელია შემთხვევათა სწრაფი ზრდა, რისი მაჩვენებელიც 14 აპრილი იყო. 14 აპრილს პირველად საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაიქსირდა.
15 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში 306 დადასტურებული შემთხვევაა – 24 საათში 10 ახალი პაციენტი, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა.


