ირაკლი ჩიქოვანი: „ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად“
15/04/2020 08:03:52 საზოგადოება
მნიშვნელოვნად გაფართოვდა შიდა კლასტერები და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასლელად,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩოქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები მკაცრდება. ამ კონტაქტში მან საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის ჩაკეტვა ახსენა და განმარტა მთავრობის დადგენილება, კონკრეტულად ვის არ ეხება შეზღუდვები და მათ მოუწოდა, გადაადგილებისას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები იქონიონ.
ამასთან, ჩიქოვანის თქმით, მთავრობა პრეზიდენტს გადაუგზავნის მიმართვას, საგანგებო მდგომარების რეჟიმის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე.
„მინდა, მთავრობის სახელით მივმართო ყველა მოქალაქეს, მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები და ამით დავიცვათ ჩვენი და თანამოქალაქეების უსაფრთხოება“,– განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის: 14 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მასშტაბური შიდაგავრცელების ეტაპზე გადავიდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი უკვე მოსახლეობაში ცირკულირებს და თუ საზოგადოება დაწესებულ შეზღუდვებს და გაცემულ რეკომენდაციებს არ დაიცავს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ნახევარში ქვეყანაში ათასობით ინფიცირებული გვეყოლება, რაც მნიშვნელოვანი წნეხი იქნება ჯანდაცვის სისტემაში და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგებიც.
მისივე პროგნოზით, მას შემდეგ, რაც დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 300–ს გადასცდება, მოსალოდნელია შემთხვევათა სწრაფი ზრდა, რისი მაჩვენებელიც 14 აპრილი იყო. 14 აპრილს პირველად საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაიქსირდა.
15 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში 306 დადასტურებული შემთხვევაა – 24 საათში 10 ახალი პაციენტი, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა.


