გამყრელიძე – სააღდგომო მსახურებაზე: „კანონი უნდა იქნეს დაცული, რომ ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას“
14/04/2020 17:07:26 საზოგადოება
დაავადდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ საპატრიარქოსთან კონსულტაციების რეჟიმში გამოიძებნება „ოქროს შუალედი“, რათა მომდევნო ორი კვირა, მათ შორის სააღდგომო ლიტურგია არ იქნება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ხელშემწყობი.
გამყრელიძე გახგასმით აღნიშნავს, რომ მომდევნო ორი კვირა იქნება რთული და ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა სოციალური დისტანცირებაა.
ის ყველას შეახსენებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონი უნდა იქნეს დაცული, სადღეისოდ კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს.
„ეს ორი კვირა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. კვირას იქნება შობასთან ერთად ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული – აღდგომა, რომელსაც ჩვენ ვზეიმობთ, ისეე როგორც მსოფლიოში აღინიშნება აღდგომა. ბევრი კითხვა შემოდის, წელს როგორ უნდა აღინიშნოს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და აღიარებული ინსტიტუცია საქართველოში. ის მხოლოდ ხელს უწყობდა და უწყობს ერის განათლებას, ჯანმრთელობას. ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის კვირა იქნება რთული, მაგრამ ჩვენ კორონავირუსთან ერთად ცხორება უნდა ვისწავლოთ. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის და არ იქნება. ამიტომ, უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, იქნება ეს სახლში, ეკლესიებში, სასაფლაოებზე...საპატრიარქოსთან პირველი პირების ჩართვით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები. დარწმუნებული ვარ, ოქროს შუალედი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა ჩენი მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების.
მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი, პრევენციული მედიცინის წარმომადგენელი და რაც მთავარია, ექიმი, მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სახელმწიფო იძლევა. დღეს ჩვენ კანონით გვაქვს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული. ჩვენ ვიბრძოდით, რომ ჩვენი ქვეყანა სამართლებრივი ქვეყანა ყოფილიყო. სამართლებრივი ქვეყანა გახლავთ ქვეყანა, სადაც უზენაესი კანონია. ჩვენ – ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოვაწე...ყველა კანონს ვემორჩილებით. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია. ამიტომ, კანონი უნდა იქნეს დაცული ყოველთვის და განსაკუთრებით ამ პერიოდში, რომ როგორმე შედარებით რბილად გავიაროთ ეს ორი–სამი კვირა და ავცდეთ ფართომასტაბიან ეპიდემიას, რომ არ მივიღოთ ათასობით დაინფიცირებული. ექიმებმა რამდენიმე უიმედო ავადმყოფი გადაარჩინეს, მაგრამ ეს რთული იქნება, როდესაც გვეყოლება ათასობით დაინფიცირებული. ამის მთავარი იარაღი კი რეკომენდაციების დაცვა და სოციალური დისტანცირებაა“,– განაცხადა გამყრელიძემ.
იხილეთ ასევე: ამირან გამყრელიძე: „ციფრები შეიცვალა...კორონავირუსი სიცოცხლისთვის უფრო საშიში ხდება“


