გახარია – მოქალაქეებს: „არსებობს რისკი, შეზღუდვების მოხსნა თვეობით გადავადდეს“
14/04/2020 13:37:34 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ვერც ერთი უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი ვერ პროგნოზირებს, როდის იქნება კორონავირუსის გავრცელების პიკი, ვირუსის გავრცელების შენელების ერთადერი გზა დაწესებული შეზღუდვების ზედმიწევნით შესრულებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, შეზღუდვების მოხსნის ეტაპი თვეობით გადავადდეს,– ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს თითქმის 7–საათიანი სხდომის შემდეგ ისაუბრა.
„ყველას გვესმის, რომ შეზღუდვები უზამაზარი დისკომფორტის მომტანია როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ისე შემოსავლების, ეკონომიკის, ბიზნესის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ. მაგრამ ეს ის აუცილებლობაა, რომელიც უნდა მივიღოთ და ყველანი უზარმაზარი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ეს არის პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ვცხოვრობთ.
ამ ვირუსთან ბრძოლა არის ბრძოლა ორ ფრონტზე: ადამიანის ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენის. ეს ყოველდღიურად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ შემსუბუქების გგემის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკის და ბიზნესის მიმართებაში მთავრობას შემუსავებული აქვს.
უნდა გვესმოდეს, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია. უახლოესი ორი–სამი კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, რათა მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ–ნელა მოხსნა. ეს ის წინაპირობაა, რომლის შემთხვევაშიც შეგვიძლია, ავამუშაოთ ეკონომიკა, ბიზნესი... თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, შეზღუდვების მოხსნა გადავადდეს თვეობით და ეს ობიექტური რეალობაა“,– განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი 10 დღით იკეტება, ამასთან, მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების წინადადებით მიმართავს.


