„ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები"
14/04/2020 12:47:51 საზოგადოება
ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელია. ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა და თან ვმსახურობთ,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
ამ კომენტარით მან უპასუხა მედიის კითხვას, სასულიერო პირის ინფიცირების შემდეგ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ არსებობს საფრთხე ინფექციის გავრცელების და შეიძლება თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს აღდგომის დღესასწაულზე.
„ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ჩვენ ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება, ადრე თუ გვიან. მთავარია, სტრატეგია ეს არის ზოგადად ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოსი, ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ, ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის. ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან ყველა უსაფრთხოების ზომა და თან ვმსახურობთ“ , – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს, სადაც ინფიცირებული სასულიერო პირი მსახურობდა და სხვა სასულიერო პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯაღმაიძის თქმით, საარდგომო ლიტურგია ჩატარდება და მას სხვა სასულიერო პირები ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს კორონავირუსი სასულიერო პირს და საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა.


