ტაძარი, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი მსახურობდა, დაკეტილია
14/04/2020 08:07:31 საზოგადოება
იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი ამ დროისთვის დაკეტილია. როგორც ადგილობრივები, მათ შორის – მრევლის წევრები ყვებიან, ბოლოს ტაძარში მსახურება გუშინ ჩატარდა, თუმცა დღეს არც ტაძრის კარი გაღებულა და არც ზარები დარეკილა, რომლის ხმაც ყოველდღიურად, დილის 09:00 საათზე ისმის.
ცნობილია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, რომელიც ამჟამად ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კურნალობს, საეკლესიო მსახურებას ტაძარში რამდენიმე დღის წინ სხვა სასულიერო პირებთან ერთად ასრულებდა.
ირკვევა, რომ სასულიერო პირს ტემპერატურა აღენიშნებოდა და მკურნალობას შინ გადიოდა.
ამ დროისთვის კლინიკაში სასულიერო პირთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც არიან მოთავსებული.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა საპატრიარქოს დაცვის წევრს, რომელიც კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით 12 აპრილს გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს საპატრიარქოში საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ. მათ საპატრიარქოს შენობა უკომენტაროდ დატოვეს. ამ დრომდე უცნობია, ჩატარდება თუ არა სააღდგომო ლიტურგია ტრადიციული წესით და შეცვლის თუ არა რამეს საპატრიარქოს გადაწყვეტილებაში სასულიერო პირის ინფიცირების შემთხვევა.


