საქართველოში კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა
14/04/2020 06:07:26 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსი 13 აპრილს სასულიერო პირს დაუდასტურდა. ის თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. ამ დროისთვის ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
"დადასტურებულია კოვიდ 19–ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლები. გუშინ შემოიყვანეს ჩვენთან. ოჯახის სამი წევრია ჩვენთან მოთავსებული",– განაცხადეს ბოჭორიშვილის კლინიკაში.
"ფორმულას" ინფორმაციით, ინფიცირებული სასულიერო პირი მედიცინის ინსტიტუტის ექთნის ძმაა. ასევე დაინფიცირებულია ექთნის შვილი და დედამთილი.
თბილისის მედიცინის ინსტიტუტში 12 აპრილს კორონავირუსი ერთ-ერთ ექიმს დაუდასტურდა. ვირუსზე კიდევ 4-მა თანამშრომელმა დადებითი პასუხი მიიღო. ამდენად, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით სამედიცინო სექტორის 10 თანამშრომელია ინფიცირებული.
კლინიკა „თიმის“ (თბილისის მედიცინის ინსტიტუტი) დირექტორი გიორგი კაჭახიძე აცხაებს, რომ ამ შემთხვევაში ინფიცირების წყარო არ არის ის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა.
„ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. წყარო არის ერთ-ერთი თანამშრომელი. არა ის, ვისაც პირველად დაუდასტურდა ვირუსი, არამედ ერთ-ერთი ექთანი, რომელიც იყო ასიმპტომური და დღემდე უსიმპტომოა. როგორც ჩანს, ის არის წყარო. დაინფიცირებულები არიან მასთან ერთად წყვილში მომუშავე მედიკოსები“, – განაცხადა გიორგი კაჭახიძემ და დასძინა, რომ წყაროს ეპიდემიოლოგები დაადგენენ.


