თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უნდა გახანგრძლივდეს
13/04/2020 19:54:30 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უნდა გახანგრძლივდეს.
"დღევანდელ სიტუაციაში ალბათ უფრო სწორი იქნება, საგანგებო მდგომარეობა გარკვეული დროით, მაგალითად, ორი კვირით გახანგრძლივდეს. რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აქვს, ამ ყველაფერს რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ, ამ პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით და ეპიდემიას დაღმავალი გზით გავუშვებთ; ის საგანგებო მდგომარეობა მით უფრო ჩქარა მოიხსნება და ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო ჩქარა გაიხსნება და გაცოცხლდება. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და არ უნდა შეეცადონ, აი, კარგი ამინდი გამოვიდა, გავიდეთ, შევიკრიბოთ, ვისეირნოთ და გავერთოთო. ეს უცილობლად გამოიწვევს ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას და რა გვირჩევნია, ცოტა მეტად გავიჭირვოთ და ეს გაჭირვება მოკლე დროში დამთავრდეს თუ ნაწილობრივ გავიჭირვოთ და ეს დიდხანს გაგრძელდეს? ვფიქრობ, პასუხი ნათელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "პირველი არხის" ეთერში.
ცნობისთვის: 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 30 დღით გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


